საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

2019 წლის 30 სექტემბერს 20:00 საათზე, საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში იურიდიული დახმარების სამსახურს უმასპინძლებს.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე სულხან გველესიანი, ესპანეთში საქართველოს საელჩოში გამართავენ შეხვედრას, რომელსაც დაესწრებიან ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვედრის მონაწილეებს წარუდგენს პრეზენტაციას „იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების“ შესახებ, რომელიც მოიცავს ვრცელ ინფორმაციას დისტანციური სამართლებრივი დახმარების შესძლებლობებზე, რომელიც ასევე უფასოა და საუკეთესო საშუალებაა უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის – დაზოგონ დრო, ფინანსები და ისე მოაგვარონ სხვადასხვა სახის სამართლებრივი პრობლემა.
ემიგრანტთა შეხვედრაზე პირველად განხორციელდება სადემონსტრაციო დისტანციური კონსულტაცია , სადაც ნაჩვენები იქნება, თუ უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეს როგორ შეუძლია დაუკავშირდეს იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტ-კონულტანტს საქართველოში და მიიღოს მისგან უფასო სამართლებრივი დახმარება.

შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდებათ საკონტაქტო ინფორმაციის შემცველი საინფორმაციო ბროშურები.
იურიდიული დახმარების სამსახური უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო ორგანიზაციაა. ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს იურიდიული დახმარების სამსახურის 12 ბიურო და 10 საკონსულტაციო ცენტრი. სამსახურის უფასო სამართლებრივ კონულტაციას უწევს ნებისმიერ პირს ნებისმიერ საკითხზე, ხოლო იურიდიული დოკუმენტების შედგენა და საადვოკატო წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში უზრუნველყოფილია გადახდისუუნარო მოქალაქეებისთვის.

ღონისძიებაზე დასწრების მიზნით გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: consuladogeo.madrid@mfa.gov.ge