ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით მადრიდში გამართული ღონისძიების შესახებ

12 დეკემბერს მადრიდში გაიმართა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს კანდიდატის ზურაბ პოლოლიკაშვილის წარდგენის ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტალეპ რიფაიმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მან საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა თანამედროვე მსოფლიოს ამ ერთ-ერთი წამყვანი სფეროს განვითარების საქმეში ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის როლსა და მნიშვნელობაზე. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში ტურიზმის სფეროს პრიორიტეტულობას, რაც დიდი როლს თამაშობს ქვეყნის პროგრესსა და ეკონომიკურ განვითარებაში. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო წარადგენს თავის კანდიდატურას გაერო-ს ასეთ მაღალ თანამდებობაზე -ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე და დარწმუნებულია, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილი წარმატებით გაართმევს თავს ყველა იმ ამოცანას და მიზნებს რაც ტურიზმის ორგანიზაციის დღის წესრიგში დგას. „საქართველოსთვის ტურიზმის სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, როგორც ქვეყნის განვითარების, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს პოზიტიური იმიჯისა და წინსვლისთვის. გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციაში გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს კანდიდატის წარდგენა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსთვის ტურიზმის პრიორიტეტულობას და ამყარებს ჩვენი ქვეყნის პოზიციებს ამ მიმართულებით"-განაცხადა მინისტრმა. მან ასევე ისაუბრა ზურაბ პოლოლიკაშვილის პროფესიულ საქმიანობაზე და მის მდიდარ გამოცდილებაზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და საქართველოში ტურიზმის სფეროს აღორძინების საქმეში. ზურაბ პოლოლიკაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. „აქ წარმოდგენილი საზოგადოება ხაზს უსვამს დღევანდელი ღონისძიების მნიშვნელობას. საქართველოს კანდიდატს საშუალება ჰქონდა გაეზიარებინა საკუთარი ხედვები. მე ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი თითქმის 7 წლის განმალობაში ვიყავი, ახლა ჩემი მანდატი იწურება და იმედს გამოვთქვამ რომ დაწყებულ საქმეს გააგრძელებს საუკეთესო კანდიდატი რომელიც ამ ორგანიზაციის მნიშვნელობას ერთიორად გაზრდის, და სწორედ ამიტომ ვარ მე დღეს აქ" - განაცხადა ტალეპ რიფაიმ. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს კანდიდატის წარდგენის ღონისძიებას ქ. მადრიდში ასევე ესწრებოდნენ ესპანეთის პოლიტიკური, ბიზნეს წრეებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ასევე ესპანეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი. ზურაბ პოლოლიკაშვილის კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ