გაცნობებთ, რომ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში ყოველწლიურად ხორციელდება ახალგაზრდული ბანაკის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ანაკლიაში მოქმედ ახალგაზრდულ ბანაკში 14-18 წლის 500-მდე მოზარდი ისვენებს.
პროექტის მიზანია, ბანაკში დასასვენებლად მოიწვიოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდები, რომლებსაც საშუალება მიეცემათ, მოინახულონ საქართველო, დაამყარონ ურთიერთობა თანატოლებთან, გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა, დაათვალიერონ ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები, გაეცნონ ქართულ ტრადიციებსა და ყოფას, მიიღონ მონაწილეობა ბანაკის მრავალფეროვან აქტივობებში, განივითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. საზაფხულო ბანაკში ჯგუფების დაკომპლექტებისას გათვალისწინებული იქნება გენდერული ბალანსი, ხოლო კანდიდატების შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭება დევნილის სტატუსის მქონე და, ასევე, იმ მოზარდებს, რომლებიც არ არიან ნამყოფი საქართველოში და/ან აქამდე არ მიუღიათ მონაწილეობა აღნიშნულ პროექტში. მოზარდების დახვედრის, ბანაკში და ბანაკიდან გაცილების ორგანიზება განხორციელდება საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების თანხლებით. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას ასევე მიიღებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო.
გთხოვთ იხილოთ თანდართული ანაკლიის „მომავლის ბანაკში“ დასვენების მსურველი თანამემამულე მოზარდის შესარჩევი ანკეტა, ასევე, ბანაკის აღწერა (ბანაკის საიმიჯო ვიდეო-რგოლი შეგიძლიათ იხილოთ ონლაინ:www.youtube.com/watch?v=dzvmd6uYEY8 ), ბანაკის მენიუ.
გთხოვთ, 1 მაისამდე, მოგვაწოდოთ ანაკლიის „მომავლის ბანაკში“ მონაწილეობის მსურველი პირის შევსებული ანკეტა ელ. ფოსტაზე embassymadrid@mfa.gov.ge
აქვე გაცნობებთ, რომ კანდიდატების შერჩევის შემდგომ, დამატებით წარმოსადგენი იქნება პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი და ჯანმრთელობის ცნობა (შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტით)