ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ძვირფასო სტუმარო,
მაქვს პატივი, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩის რანგში, მოგესალმოთ საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ჩემი, როგორც საქართველოს ელჩის და ზოგადად მადრიდში აკრედიტებული საქართველოს საელჩოს მოვალეობაა, ხელი შევუწყოთ საქართველოსა და ესპანეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. კმაყოფილებით მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 25 წელზე მეტს ითვლის და საქართველოსა და ესპანეთს შორის შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობებია ჩამოყალიბებული. ესპანეთის სახით, საქართველოს ჰყავს მეგობარი ქვეყანა და საიმედო პარტნიორი, რომელთანაც დემოკრატიისა და თავისუფლების საერთო ღირებულებები გვაერთიანებს.
ჩემი მიზანია, კიდევ უფრო განმტკიცდეს ქართულ-ესპანური თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაეთმობა, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კონტაქტების, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას. საელჩო არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა ორ ქვეყანას შორის განვითარდეს სავაჭრო კავშირები და გაიზარდოს ესპანური ინვესტიციები საქართველოში.
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩო ასევე აკრედიტებულია ანდორის სამთავროში, მაროკოს სამეფოში და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში (UNWTO). შესაბამისად, ჩვენი მიზანია აღნიშნულ ქვეყნებთან და ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაღრმავება.
ჩვენს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია საელჩოს, ორმხრივი თანამშრომლობის, საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და საკონსულო საკითხების შესახებ. ვებ-გვერდი ასევე მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ ინტერნეტ- ბმულებს.
მადლობას მოგახსენებთ ჩვენი ვებ-გვერდის სტუმრობისათვის.
ილია გიორგაძე
ელჩი