კონკურსი „ქართული კალიგრაფია“
საზღვარგარეთ, ქართულ დიასპორაში ეროვნული იდენტობის და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, სამშობლოსთან მათი კავშირის გაღრმავების ხელშეწყობის და თანამემამულე მოზარდ თაობაში ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლების მიზნით, დედაენის დღესთან დაკავშირებით, სამინისტრო გეგმავს ღონისძიებას დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენელთა მონაწილეობით.
პანდემიით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, დედაენის აღსანიშნავი ღონისძიების დასკვნითი ნაწილი, 2021 წლის 14 აპრილს, დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.
გაცნონენთ, რომ დედაენის დღის ფარგლებში, ჩატარდება კონკურსი „ქართული კალიგრაფია“, რომლის მიზანია ქართული დამწერლობისა და კალიგრაფიის პოპულარიზაცია ჩვენს თანამემამულეებში, ხელით წერის კულტურის განვითარება და მოზარდთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეებსა და უცხოეთში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
კონკურსი ჩატარდება ერთ ტურად. მონაწილეობის მსურველებმა, 11 აპრილის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ კალიგრაფიულად შესრულებული მცირე ზომის ტექსტი, მხატვრული ესე - „ჩემი ენა ქართული“, რომელიც გამოხატავს ქართული ენის მნიშვნელობას და კონკურსანტის დამოკიდებულებას მშობლიური ენის მიმართ.
მონაწილეებმა შესრულებული ხელნაწერის სკანირებული ასლი უნდა გააგზავნონ სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ელექტრონულ მისამართზე: [email protected].
მონაწილეთა ნამუშევრები შეფასდება ორ კატეგორიაში: საუკეთესო კალიგრაფიული ნაშრომი და საუკეთესო ესე. ორივე კატეგორიაში კონკურსი ჩატარდება ერთ ტურად და გამოვლინდება სამ-სამი გამარჯვებული. კონკურსში მონაწილეთა ასაკი არ არის შეზღუდული. ნამუშევარზე უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ასაკი, ქალაქი, ქვეყანა, საკვირაო სკოლის მოსწავლის შემთხვევაში, სკოლის დასახელება და საკონტაქტო მონაცემები.